აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკარგული ამერიკელი ჯარისკაცი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს.
„ჩვენ ის ვიპოვეთ! ჩემო თანამემამულენო, ამერიკელებო, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შეერთებული შტატების სამხედროებმა განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში“, – წერს ტრამპი.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დაკარგული ეკიპაჟის წევრი „ირანის რთულ მთიან რეგიონში იმყოფებოდა და მტრები მას უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ, თუმცა აშშ-ის სამხედროები მის ადგილსამყოფელს 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ“.
.„ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მის გამოსაყვანად გაგზავნეს ათობით თვითმფრინავი, რომლებიც აღჭურვილი იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ლეტალური იარაღით. მან მიიღო დაზიანებები, თუმცა კარგად იქნება. ეს სასწაულებრივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ემატება გუშინ წარმატებით განხორციელებულ კიდევ ერთი მამაცი პილოტის გადარჩენას, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ დაგვიდასტურებია, რათა საფრთხე არ შეგვექმნა მეორე სამაშველო ოპერაციისთვის. სამხედრო ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ამერიკელი პილოტი, ცალ-ცალკე, მტრის ტერიტორიის სიღრმეში გადაარჩინეს“, - დაწერა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ოპერაციისას არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.
"ჩვენ არასდროს დავტოვებთ არცერთ ამერიკელ მებრძოლს! ის ფაქტი, რომ შევძელით ორივე ოპერაციის განხორციელება ერთი ამერიკელის დაღუპვის ან თუნდაც დაჭრის გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მივაღწიეთ ირანის ცაზე საჰაერო უპირატესობას. ეს არის მომენტი, რომლითაც ყველა ამერიკელმა, „რესპუბლიკელმა“, „დემოკრატმა“ და ყველა დანარჩენმა, უნდა იამაყოს და მის გარშემო უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ნამდვილად გვყავს საუკეთესო, ყველაზე პროფესიონალი არმია მსოფლიო ისტორიაში. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარები და ყველას გილოცავთ აღდგომას!“- დაწერა ტრამპმა.
ამერიკული F-15E ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ირანში 3 აპრილს ჩამოაგდეს. თვითმფრიბავის ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორე კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა.
ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია პირველად ირანულმა მედიამ გაავრცელა.
აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით აშშ-მაც დაადასტურა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა 3 აპრილს კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, A-10 Thunderbolt II, ჩამოაგდო; პილოტი გადაარჩინეს და ის უსაფრთხოდ არის.