სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის ინფორმაციით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევოს.
,,სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ღამის 4 საათზე.
მოსამართლე, თორნიკე ქოჩქიანმა პროცესზე არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს არ დაურთო მისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა. შესაბამისად, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მას შეეძლო ნებაყოფლობით დაეტოვებინა ქვეყანა და ეს შანსი სასამართლოს მისთვის უნდა მიეცა.
ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის.
ამდენი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევდა სწორედ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება, რის გამოც მანამდე თავშესაფრის პროცედურების დაწყება ფორმალურად შეუძლებელი იყო.
სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოსა და კონვენციის ასეთი ხარისხის შერყევა ბოლო წლების არც ერთ საქმეში არ მინახავს.
ეს არის კატასტროფა. ეს არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია ამ ადამიანის წინააღმდეგ.
დააკვირდით: 1 აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.
2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს.
3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.
4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს და რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცემენ.
ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან”,- წერს მიქელაძე ,,ფეისბუქზე”.