ჩვენი დიდი სურვილია, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს და მათი სურვილიცაა, გამოჩნდა ეს ყველაფერი. დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინა ადმინისტრაციისგან ძალიან დიდი ნეგატივი დარჩა. ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავდა, როგორი დამოკიდებულებით იყო წინა ადმინისტრაცია და როგორ შეიცვალა ეს პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ყაველაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას: „გუშინ თქვენ გამოხატეთ მზაობა, რომ ევროკავშირთან დიალოგი კიდევ ერთხელ განახლდეს. კიდევ ერთი ქვეყანა, რომლისგანაც ველით დიალოგს, არის აშშ. დღესაც მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილები, რომ კონკრეტულ შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან იმ პარტნიორისგან, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია. როგორია ხელისუფლების შეთავაზება და რა უნდა იყოს ის თამასა, სადამდეც აიწევს ქართული მხარის მოთხოვნები?“, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:
„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მედიის საშუალებით ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ თანმიმდევრული – რას ვაცხადებთ შეხვედრების დროს და რა მოლოდინები გვაქვს. გაიხსენებთ ალბათ, როგორი ქილიკი მოჰყვა ჩემს ვიზიტს გაერო-ში, როდესაც მქონდა შეხვედრები და ამ თემაზეც ვისაუბრე, რომ ისინი ამ საკითხს დაუბრუნდებოდნენ. შემდეგ მილანშიც მქონდა შეხვედრები, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. აღინიშნა, რომ ამ თემაზე მუშაობენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებიან. ასევე, გასულ კვირას გაიმართა სატელეფონო საუბარი პრემიერ-მინისტრთან. ეს არის თანმიმდევრული პროცესი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც სრულდება“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.