უკრაინისა და ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტზე დღეს არსებული ვითარება ბოლო 10 თვის განმავლობაში საუკეთესოა.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„სხვათა შორის, ოთხშაბათს იყო ჩვენი დაზვერვის ანგარიში და ბრიტანული დაზვერვის ანალიზი. მე მივიღე MI6-ის ხედვა ჩვენს ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ, კერძოდ, რომ უკრაინის სიტუაცია ამჟამად საუკეთესოა, რაც ბოლო 10 თვის განმავლობაში იყო,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სადაზვერვო სამსახურების დასკვნაა და „ყველა პარტნიორი ხედავს ამას“.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 230 საბრძოლო შეტაკება მოხდა. პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლების 58 თავდასხმა მოიგერიეს, ხოლო წინა დღეს დამცველების პოზიციებზე 31 თავდასხმა დაფიქსირდა. მტერმა გულიაიპოლიეს მიმართულებაზე 40-ჯერ შეუტია, წინა დღეს კი 20 თავდასხმა იყო.