მოვითხოვთ მზია ამაღლობელისა და ყველა იმ პირის გათავისუფლებას, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,. მან უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შესახებ, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.
"ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ეს კანონი ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სივრცეს. აძლიერებს ფართომასშტაბიან კონტროლს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ საქმიანობაზე, და ასევე მისი ბუნდოვანი ჩანაწერები ქმნის სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და რისკს, რომ მას თვითნებურად და შერჩევითად აღასრულებენ. ასევე მინდა ვთქვა მზია ამაღლობელის შესახებ. ჩვენ მკაცრად გავაპროტესტეთ მისი პატიმრობა. მისი გასამართლება ასევე ცხადყოფს, რომ თავისუფალ ხმაზე რეპრესიები გრძელდება.ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება დევნის ან შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაზე, ასევე ძირს უთხრის დემოკრატიას, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და მოქმედებს საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ.
ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, ისევე როგორც ყველა იმ პირის გათავისუფლებას, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული. ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება", - განაცხადა ჰიპერმა.