ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმასთან დაკავშირებით და გააფრთხილა, რომ კონფლიქტი მილიონობით ადამიანის სიცოცხლის „რუსულ რულეტით“ თამაშის რისკის ქვეშაა.
სანჩესი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო მადრიდთან ვაჭრობა შეწყდა.
„ასე იწყება კაცობრიობის დიდი კატასტროფები... არ შეიძლება მილიონობით ადამიანის ბედით „რუსული რულეტი“ ითამაშო“, - განაცხადა სანჩესმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში.
ნატო-ს ორ მოკავშირეს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სანჩესმა დაგმო აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის დაბომბვა და ამერიკულ თვითმფრინავებს აუკრძალა სამხრეთ ესპანეთში არსებული საზღვაო და საჰაერო ბაზების გამოყენება თეირანზე თავდასხმების განსახორციელებლად.
სანჩესმა თქვა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია თავისი პრობლემების გადაჭრა კონფლიქტებითა და ბომბებით.
„ესპანეთის მთავრობის პოზიცია შეიძლება ორი სიტყვით შევაჯამოთ: „არა ომს“, - თქვა მან და დასძინა, რომ ეს პოზიცია თვალთმაქცური არ არის, პირიქით, თანმიმდევრულია.
„ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ თანამონაწილეები ისეთ საქმეში, რაც ცუდია მსოფლიოსთვის ან ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ ვინმეს მხრიდან შურისძიება“, - თქვა სანჩესმა, მან სავარაუდოდ, ტრამპის მუქარა იგულისხმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს.
„ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ეს არაფერია, არც გვჭირდება. ეს რომ გვსურდეს, მაშინ მათ გამოვიყენებდით. ვერავინ გვეტყვის, რომ ვერ გამოვიყენებთ, ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. არ გვსურს, რომ ესპანეთთან რაიმე სახის საქმე გვქონდეს. ესპანეთს აბსოლუტურად არაფერი აქვს, რაც ჩვენ გვჭირდება, გარდა შესანიშნავი ხალხისა. მათ შესანიშნავი ხალხი ჰყავთ, მაგრამ მათ არ ჰყავთ შესანიშნავი ლიდერები. მათ სურდათ 2 პროცენტის შენარჩუნება და ამ 2 პროცენტსაც არ იხდიან. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ ესპანეთთან ყველანაირი ვაჭრობის შეწყვეტას. ჩვენ არ გვინდა ესპანეთთან რაიმე საერთო გვქონდეს, “, - განაცხადა ტრამპმა.