აშშ არ აწესებს სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ და არ ყიდის იარაღს რუსეთისთვის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიოს შეკითხვა დაუსვეს თუ როდის გააძლიერებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინზე ზეწოლას.
„ადმინისტრაცია აგრძელებს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას. მაგალითად, გასული წლის ბოლოს პრეზიდენტმა დამატებითი სანქციები დააწესა რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ წინააღმდეგ. ადმინისტრაცია აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიყიდვას. ჩვენ არ ვაძლევთ რუსეთს იარაღს და არ ვაწესებთ სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ, პრეზიდენტი, ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ის ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელსაც აქვს შანსი, ეს ორი მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან შეკრიბოს“, - აღნიშნა რუბიომ.
რუბიოს თქმით, შეერთებული შტატები დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ან ორგანიზაციაა, რომელმაც შეძლო რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა.
„და ასეთ საშინელ ომში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოზიციის დაკავება და არ გვინდა მისი დაკარგვა, რადგან თუ ჩვენ მას დავთმობთ ან დავხურავთ, ვინ გააკეთებს ამას? გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამას არ გააკეთებს. საფრანგეთი ამას არ გააკეთებს. ევროკავშირი ამას არ გააკეთებს. რუსები მათ არც კი დაელაპარაკებიან.
სწორედ ამიტომ არ გვინდა ამაზე უარი ვთქვათ - ვიცით, რომ საბოლოო ჯამში, უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ომი მოლაპარაკებების გზით მოგვარდება და ჩვენ ახლა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია მოლაპარაკებების კატალიზატორი იყოს. თუ ამ როლზე უარს ვიტყვით, სხვა ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას“, - განმარტა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.