საქართველოში არც ერთი ტელეკომპანიის, არც „იმედის“ და არც „პოსტივის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება არ შეილახება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ბრიტანეთის სანქციების პირობებში სახელმწიფო კომპანიების მხრიდან „იმედთან“ და „პოსტივისთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ორივე ტელეკომპანიასთან.
„თქვენ გაქვთ იმედი, რომ საქართველოში შეილახება მედიასაშუალებების ძირითადი უფლებები, მე გაძლევთ მარტივ პასუხს - საქართველოში არც ერთი ტელეკომპანიის, არც „იმედის“ და არც „პოსტივის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება არ შეილახება. ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამაც უნდა გააგრძელოს, ბუნებრივია, ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა. თქვენ ნუ გაქვთ იმედი, რომ საქართველოში შეილახება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება, ეს იყო თქვენი პარტიის ხელწერა 2012 წლამდე. თქვენს პარტიას ჰქონდა ფეხქვეშ გათელილი როგორც მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ისე მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. თქვენ თუ გაქვთ იმედი, რომ რასაც აკეთებდით 2012 წლამდე, იმას გააკეთებთ ხვალ, ამის საშუალებას ვერავინ მოგცემთ თქვენ. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ერთი მხრივ, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება იყოს დაცული და მეორე მხრივ - მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. ეს არის ის ორი ძირითადი უფლება, რომელიც ყველაზე მეტად იყო ფეხქვეშ გათელილი თქვენი ხელისუფლების დროს. თქვენ იყავით მშვიდად, ასეთი აჟიოტაჟი მახსოვს მე თქვენგან სხვადასხვა წლებში, 2022, 2023, 2024, 2025, 2026 წლებში, სულ გქონდათ იმედი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი დაზიანდებოდა. არასდროს არ დაზიანდა არაფერი ამ ქვეყანაში. ნუ გექნებათ ამის იმედი. თქვენზეც კი ვზრუნავთ და მითუმეტეს ვიზრუნებთ ტელეკომპანია „იმედზე“ და ტელეკომპანია „პოსტივიზე“. ზრუნვა იმაში გამოიხატება, რომ საქართველოში, განსხვავებით 2012 წლამდე არსებული ვითარებისგან, უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და მედიაპლურალიზმი, რაც საერთოდ არ იყო, ნულოვანი იყო 2012 წლამდე, ზუსტად ასე ვზრუნავთ ჩვენ მედიაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.