აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა, რომ შარშან, ირანში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ისინი გააფრთხილეს, რომ აღარ ეცადონ თავიანთი შეიარაღების პროგრამის აღდგენას, თუმცა აგრძელებენ და ამ ეტაპზე „კვლავ მისდევენ თავიანთ ბოროტ ბირთვულ ამბიციებს“.
"ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მათ სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ არ მოგვისმენია ეს საიდუმლო სიტყვები: „ჩვენ არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი“. ამ პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებას ვამჯობინებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: არასდროს დავუშვებ, რომ მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი ჰქონდეს", - განაცხადა ტრამპმა.
მან უკრაინის ომზეც ისაუბრა და კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი უნდა დასრულდეს. „ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ მეცხრე ომის დასასრულებლად, რუსეთსა და უკრაინას შორის მკვლელობებისა და ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად, სადაც ყოველთვიურად 25 000 ჯარისკაცი იღუპება, ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე, რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი,“ - განაცხადა ტრამპმა.