დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ, განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მისი მიზანია გახდეს პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც უკრაინაში ბრიტანელ ჯარებს განათავსებს.
მისი თქმით, 2026 წელი უნდა იყოს „წელი, როდესაც ეს საშინელი ომი დასრულდება“.
The Telegraph-ისთვის გამოქვეყნებულ სვეტში ჰილიმ ომის დასრულების საკუთარი ხედვა გამოთქვა და ხაზი გაუსვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მუდმივ მხარდაჭერას.
„მე მინდა ვიყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განათავსებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევთანხმდით უკრაინაში მშვიდობაზე. უსაფრთხო ევროპას კი ძლიერი, სუვერენული უკრაინა სჭირდება“, - წერს ის.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთის მთავრობა მოკავშირეებთან ერთად მუშაობს ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ - მრავალეროვნული სამშვიდობო ძალის - შესაქმნელად, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ლონდონმა უკვე გამოყო 250 მილიონ დოლარზე მეტი საკუთარი შეიარაღებული ძალების პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად. თანხები გამოყენებული იქნება აღჭურვილობის, კომუნიკაციების მოდერნიზაციისა და დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობის შესაძენად.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა უკრაინული ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების გამანადგურებლის, Octopus-ის, ერთობლივ წარმოებას, რომელსაც შეუძლია Shahed-ის დრონების განადგურება უფრო დაბალ ფასად.