უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებში შეერთებული შტატები რუსეთის პოზიციას იკავებს და კიევისგან მთელი დონბასის დათმობას მოითხოვს.
„ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ: თუ გსურთ, რომ ომი ხვალ დასრულდეს, დატოვეთ დონბასი“, - განაცხადა ზელენსკიმ AFP-სთან ინტერვიუში.
ტერიტორიული საკითხები კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება მოსკოვსა და კიევს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში.
რუსეთი მთელ დონბასზე აცხადებს პრეტენზიას, თუმცა მისმა ძალებმა მხოლოდ რეგიონის ნაწილზე დაამყარეს კონტროლი.
ამჟამად, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებენ, ხოლო რუსულ ჯარებს ლუჰანსკის ოლქი თითქმის მთლიანად ოკუპირებული აქვთ.
ამასთან, Kyiv Independent უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ დონბასში დემილიტარიზებული ეკონომიკური ზონის შექმნა არარეალური იდეაა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 17-18 თებერვალს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს კიევმა და მოსკოვმა განიხილეს დონბასის დემილიტარიზებული ზონის მართვისთვის ერთობლივი რუსეთ-უკრაინის სამოქალაქო ადმინისტრაციის იდეა.
წინადადება დონბასიდან როგორც რუსული, ასევე უკრაინული ჯარების გაყვანას ითვალისწინებს.
Kyiv Independent-ის ინფორმირებული წყაროს ცნობით, ეს უჩვეულო წინადადება ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა წამოაყენეს, რომლებიც კვლავ ნეიტრალური შუამავლის როლს ინარჩუნებენ.
თუმცა, როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინელ მაღალინოსნებს დონბასში დემილიტარიზებული ზონის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ, რომ აღარაფერი ითქვას ერთობლივ სამოქალაქო ადმინისტრაციაზე.
უკრაინის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ოლექსანდრ მერეჟკომ, აღნიშნა, რომ ეს მაინც ნიშნავს დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას.
„ეს არის პრობლემის არსი. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ არ შეგვიძლია დონეცკის ოლქის ამ გამაგრებული ტერიტორიების მიტოვება და ფაქტობრივად მათზე უარის თქმა“, - განუცხადა მან გამოცემას.