სეულის საოლქო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დამნაშავედ ცნო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ამბოხების ხელმძღვანელობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
საქმე ეხება 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.
სეულის სასამართლომ განაჩენი დღეს, 19 თებერვალს გამოიტანა. პროკურორი ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილით დასჯას ითხოვდა.
65 წლის სახელმწიფოს ყოფილი მეთაური დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და აჯანყებისკენ წაქეზებაში.
ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების შემდეგ წინასწარი პატიმრობაში იმყოფება, უარყოფს თავის დანაშაულს და აცხადებს, რომ ის მოქმედებდა თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში და ცდილობდა ყურადღება მიეპყრო ოპოზიციური პარტიების მიერ მთავრობის მუშაობის დაბლოკვაზე.
მისმა ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს თავის კლიენტთან სააპელაციო საჩივრის შეტანაზე იმსჯელოს. ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
იუნ სოკ იოლმა 2024 წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება.
მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იუნმა დაარღვია კონსტიტუცია, რის გამოც მისი იმპიჩმენტის ლეგიტიმურობა ოფიციალურად დაამტკიცა.