ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2003 წელს, ერაყში შეჭრის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მეტი საჰაერო ძალა გადაისროლა. ამის შესახებ Wall Street Journal იუწყება.
გამოცემის ცნობით, აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის უკვე მზადაა, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს იერიშების მიტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ამერიკელ მაღალჩინოსანსა და ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში F-35-ისა და F-22-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიც გადაისროლა. გამოცემის ცნობით, ამერიკის სამხედრო ძალების გაძლიერება გაცილებით ხანგრძლივი კამპანიის საშუალებას იძლევა, ვიდრე აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე გასული წლის ივნისში ისრაელ-ირანის ომის დროს განხორციელებული დარტყმა, რომელიც B-2 ბომბდამშენებით განხორციელდა.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა WSJ-ს დაუდასტურეს, რომ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სხვადასხვა სამხედრო ვარიანტები უკვე გააცნეს და ყველა მათგანის მიზანი ირანის რეჟიმისა და მისი რეგიონული პროქსი ძალებისთვის უკიდურესი ზიანის მიყენებაა. ვარიანტები მოიცავს კამპანიას ირანის რეჟიმის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების დახოცვის მიზნით და ასევე საჰაერო იერიშს, რომლის მიზანიც მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების საწარმოებსა და ბირთვულ ობიექტებზე, საჰაერო იერიშებია. WSJ-ს ცნობით, ორივე შესაძლო ვარიანტი რამდენიმეკვირიან სამხედრო ოპერაციას გულისხმობს.