იტალიის მთავრობა მილანი-კორტინაში გასამართ პარალიმპიურ თამაშებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა და სპორტის მინისტრების, ანტონიო ტაიანის და ანდრეა აბოდის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ იტალიის მთავრობა კატეგორიულად არ ეთანხმება საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ექვს რუს და ოთხ ბელარუს სპორტსმენს ნება დართეს თამაშებში მონაწილეობა მათი ეროვნული სიმბოლოები, მათ შორის ჰიმნის გამოყენებით.
„იტალიის მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის უთანხმოებას, რომელიც უკვე გამოხატა 33 სხვა ქვეყანასთან და ევროკომისიასთან ერთად, რუსეთისა და ბელარუსის პარალიმპიური კომიტეტების წევრობის სრულად აღდგენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გენერალურმა ასამბლეამ 27 სექტემბერს მიიღო და კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ სოლიდარობას და უპირობო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ“, - განაცხადეს მინისტრებმა.
იტალიის მთავრობა საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.
„რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ოლიმპიური და პარალიმპიური იდეალების მუდმივი დარღვევა, ბელარუსის მხარდაჭერით, შეუთავსებელია მისი სპორტსმენების თამაშებში მონაწილეობასთან, თუ ისინი არ მონაწილეობენ როგორც ნეიტრალური ინდივიდუალური სპორტსმენები“, - აღნიშნეს ტაიანიმ და აბოდიმ.
ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები 6-დან 15 მარტამდე გაიმართება.