BBC-მ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვერ დაამტკიცა, რომ მათ მიერ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა იგი შეურაცხყო.
მაიამის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში BBC-მ განაცხადა, რომ აპირებს დაამტკიცოს, რომ ტრამპის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი უნდა გაუქმდეს.
BBC-მ ასევე განაცხადა, რომ აპირებს დაასაბუთოს, რომ სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ტრამპის საქმის განსახილველად ფლორიდის შტატის კანონმდებლობის, სამოქალაქო საქმეების მარეგულირებელი ფედერალური წესებისა და აშშ-ის კონსტიტუციის „სათანადო სასამართლო პროცესის“ პუნქტის შესაბამისად.
დონალდ ტრამპის სარჩელს ოფიციალური პასუხი 17 მარტამდე უნდა გასცეს.
საქმეზე სასამართლო პროცესი 2027 წლის 15 თებერვალს ჩაინიშნა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია BBC-ს ცილისწამებისთვის უჩივის და 10 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.
სარჩელში ნათქვამია, რომ BBC-მ დაარღვია ფლორიდის კანონი, რომელიც კრძალავს არაკეთილსინდისიერ სავაჭრო პრაქტიკას.
საუბარია BBC-ს დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც შეიცავდა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმამდე ტრამპის გამოსვლის დამონტაჟებულ ფრაგმენტებს.
ტრამპის თქმით, სამაუწყებლო კომპანიამ მისი გამოსვლის ორი ცალკეული ნაწყვეტი გააერთიანა, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ იგი არეულობას აქეზებდა.
BBC-მ დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა და აღიარა დოკუმენტური ფილმის მომზადებისას დაშვებული შეცდომა. BBC-ს განცხადებით, მონტაჟის შედეგად შეიქმნა მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ტრამპმა არეულობის წინ ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება გააკეთა. თუმცა, მაუწყებელმა განაცხადა, რომ სარჩელის შეტანის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.