მედიის ცნობით, რუბენ ვარდანიანს, სომეხ მილიარდერ ბანკირსა და ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, აზერბაიჯანის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვარდანიანი სამხედრო სასამართლოში ტერორიზმის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებებით გაასამართლეს.
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რუბენ ვარდანიანი 2023 წლის 27 სექტემბერს „ლაჩინის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, როდესაც იგი მთიანი ყარაბაღის დატოვებას ცდილობდა. მისი სასამართლო პროცესი 2025 წლის იანვარში დაიწყო.
რუბენ ვარდანიანი სომხური წარმოშობის მილიარდერია და მოსკოვის ერთ-ერთი პირველი საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელია. ვარდანიანმა 2022 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და მთიან ყარაბაღში გადავიდა. რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ მისი მოთხოვნა 2022 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დააკმაყოფილა. ვარდანიანი მთიანი ყარაბაღის „მთავრობის მეთაურის“ თანამდებობას 2023 წლის თებერვლამდე იკავებდა.