შევდივართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ამ ოქროს ხანაში და არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიახლოვის გამო, არამედ იმ ურთიერთობის გამო, რომელიც თქვენ გაქვთ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუბიომ ვიქტორ ორბანს მიმართა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მისი წარმატების ერთგულია.
"შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ღრმად არის თქვენი წარმატების ერთგული, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა. ურთიერთობა, რომელიც ჩვენ აქ, ცენტრალურ ევროპაში თქვენი მეშვეობით გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მომავალ წლებში. ფინანსურ სირთულეებს თუ წააწყდებით, თუ წააწყდებით ისეთ რამეებს, რაც ზრდას ხელს უშლის, რაც თქვენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდება თქვენი ურთიერთობებისა და ჩვენთვის ამ ქვეყნის მნიშვნელობის გამო“, – განაცხადა რუბიომ.
რუბიოს თქმით, გასულ წელს აშშ-ის მიერ უნგრეთის რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენების გამო აშშ-ის სანქციებისგან ერთწლიანი გათავისუფლება ტრამპსა და ორბანს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამსახურება იყო.
„ეს იყო ამ პირადი ურთიერთობის გამო, რადგან ჩვენ გვინდა, ეკონომიკა აყვავდეს, ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა კარგად იყოს. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი და ამ ქვეყნის ლიდერი“, – განაცხადა რუბიომ.
მარკო რუბიოსა და ვიქტორ ორბანის ერთობლივ პრესკონფერენციამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.