უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ახალგაზრდაა, მას კი „ბევრი დრო აღარ აქვს დარჩენილი“.
ამის შესახებ ზელენსკიმ Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, პუტინიც რთულ მდგომარეობაშია, რადგან შემიძლია თქვენთან საუბარი, ხელის ჩამორთმევა, არ მეშინია, მინდა თავისუფალი ვიყო.... მე აქ ვარ, მე თავისუფალი ადამიანი ვარ. და პუტინზე ახალგაზრდა ვარ. დამიჯერეთ, ეს მნიშვნელოვანია. მას დიდი დრო არ აქვს. მადლობა ღმერთს, ძალიან ცოტა დრო აქვს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. [ზელენსკი 48 წლისაა, პუტინი კი 73-ის].
უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელების 90% ომის დროს არჩევნების ჩატარებას არ უჭერს მხარს.
„უკრაინელების 90% ახლა არჩევნების წინააღმდეგია. თუ ვინმეს აინტერესებს, რას ფიქრობენ უკრაინელები?
„თუ პრეზიდენტი ტრამპი პუტინზე ზეწოლის გზით ორი-სამი თვით ცეცხლს შეწყვეტს, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ“, - თქვა ზელენსკიმ.
შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა მოახდინოს ტრამპმა პუტინზე ზეწოლა, ზელენსკიმ სამი ნაბიჯი ჩამოთვალა: უკრაინისთვის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების მიცემა, უკრაინის აღდგენის პაკეტი და პუტინთან დაკავშირება, რათა მოსთხოვოს მას „გაჩერება იქ, სადაც ახლაა“.
„მაგრამ თუ პუტინი უარს იტყვის, ტრამპმა ყველაფერი უნდა მოგვცეს, რაც გვჭირდება საკუთარი თავის გადასარჩენად, დასაცავად და ძლიერების შესანარჩუნებლად. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ ომი უნდა დავასრულოთ და არა ბრძოლა გავაგრძელოთ“, - დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას, ზელენსკიმ გაიხსენა ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელმაც უკრაინა ვერ დაიცვა.
„ისინი [უკრაინელები] არავის ენდობიან, რადგან ჩვენ გვქონდა ბუდაპეშტის მემორანდუმი, ჩვენ უარი ვთქვით ბირთვულ იარაღზე და სხვა იარაღზე, ბევრ თვითმფრინავზე...
ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და მივიღეთ უსაფრთხოების გარანტიები, რომ გვექნებოდა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. საბოლოო ჯამში, ჩვენ არ გვაქვს ეს იარაღი და არ გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები, რადგან რუსეთი მოვიდა და არავინ შეუტია რუსეთს, არავინ გადაარჩინა ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს სიმართლეა. სწორედ ამიტომ არ ენდობა ხალხი მათ, რადგან ისინი რეალისტები არიან“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები პირველ რიგში უკრაინას უნდა წარედგინოს, თუმცა „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს ტერიტორიებს დავთმობთ; ეს სხვადასხვა საკითხია“.