ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი და ჩვენი მომავალი. და თუ ხანდახან ვკამათობთ, ჩვენი უთანხმოება მომდინარეობს ევროპის მიმართ ღრმა ზრუნვის გრძნობიდან, რომელთანაც დაკავშირებული ვართ არა მხოლოდ ეკონომიკურად ან სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სულიერად და კულტურულად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუბიოს თქმით, ამერიკა და ევროპა ერთი ცივილიზაციის ნაწილია.
"შეერთებული შტატები და ევროპა - ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით. ამერიკა 250 წლის წინ დაარსდა, თუმცა მისი ფესვები ამ კონტინენტზე ბევრად ადრე იწყება. ადამიანები, რომლებმაც ჩემი სამშობლოს დასახლება და აშენება დაიწყეს, ჩვენს ნაპირებს მოადგნენ წინაპართა მოგონებებით, ტრადიციებითა და ქრისტიანული რწმენით, როგორც წმინდა მემკვიდრეობით - ძველ და ახალ სამყაროს შორის გაუტეხელი კავშირით.
ჩვენ ერთი ცივილიზაციის ნაწილი ვართ - დასავლური ცივილიზაციის. ერთმანეთთან გვაკავშირებს ყველაზე ღრმა კავშირები, რაც ერებს შეიძლება ჰქონდეთ. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საერთო ისტორია, ქრისტიანული რწმენა, კულტურა, მემკვიდრეობა, ენა, წარმომავლობა და ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ერთად გაიღეს იმ საერთო ცივილიზაციისთვის, რომლის მემკვიდრეებიც დღეს ჩვენ ვართ.
ჩვენ გვწამს, რომ ევროპამ უნდა იარსებოს და გადარჩეს, რადგან გასული საუკუნის ორი დიდი ომი ჩვენთვის ისტორიის მუდმივი შეხსენებაა იმისა, რომ საბოლოოდ ჩვენი ბედი იყო და ყოველთვის იქნება თქვენს ბედთან გადაჯაჭვული. ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ბედი არასოდეს იქნება ჩვენთვის უმნიშვნელო", - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების სასწრაფოდ გარდაქმნაა საჭირო. მარკო რუბიოს განცხადებით, გაერო-ს „უზარმაზარი პოტენციალი“ აქვს, მაგრამ მან ღაზასა და უკრაინაში ომი ვერ მოაგვარა და ხშირად „უძლურია“.
"ამერიკული ლიდერობა და პარტნიორობა ბევრ იმ ქვეყანასთან, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილნი, გახდა საჭირო იმისათვის, რომ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა ჯერ კიდევ ბუნდოვანი მშვიდობის ძიებაში....
ჩვენ აღარ შეგვიძლია უფლება მივცეთ მათ, ვინც აშკარად და ღიად ემუქრება ჩვენს მოქალაქეებს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სტაბილურობას, ამოეფარონ საერთაშორისო სამართლის აბსტრაქციებს, რომლებსაც თავადვე სისტემატურად არღვევენ. ეს არის გზა, რომელსაც ტრამპი და შეერთებული შტატები დაადგნენ. ეს არის წინსვლის გზა.
გთხოვთ, თქვენ აქ, ევროპაში, შემოგვიერთდეთ ამ გზაზე. ეს არის გზა, რომელიც ადრე ერთად გავიარეთ და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ ერთად გავივლით. ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი მოკავშირეები დატყვევებულნი იყვნენ დანაშაულის გრძნობითა და სირცხვილით. ჩვენ გვსურს მოკავშირეები, რომლებიც ამაყობენ თავიანთი კულტურით და თავიანთი მემკვიდრეობით. ჩვენი სახლი შეიძლება დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავრჩებით ევროპის შვილებად.", - განაცხადა რუბიომ.