სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა რუსეთის ‘“დუმის“ დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის დათმობის სანაცვლოდ აზერნაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან 5 მილიარდი დოლარი აიღო.
„რუსეთში არსებობენ გარკვეული წრეები, რომლებიც შემდეგი ლოგიკით ხელმძღვანელობენ: სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა მათთვის სასარგებლო არ არის, რადგან ამ შემთხვევაში სომხეთი სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება. და თუ მტრობა გაგრძელდება, სომხეთი იძულებული იქნება უფრო მჭიდროდ ჩაეხუტოს რუსეთს“, - თქვა ფაშინიანმა.
მან დასძინა, რომ მისდა სასიხარულოდ, რუსეთში ბევრი პოლიტიკოსი და მთავრობის წარმომადგენელი არ იზიარებს ამ კონცეფციას.
„სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბევრი არ იზიარებს იმ აზრს, რომ სომხეთსა და თურქეთს, სომხეთსა და ირანს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მუდმივად წინააღმდეგობების პროვოცირებაა საჭირო იმისათვის, რომ სომხეთი რუსეთზე დამოკიდებული გახდეს ან [ეს დამოკიდებულება] გაიზარდოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგა ვლადიმირ პუტინი, მიხაილ მიშუსტინი და მთავრობის მრავალი წარმომადგენელი ამ აზრს არ იზიარებს. არჩევნებზე სომხეთის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, საკუთარ თვალებს ენდობიან თუ ზატულინის თვალებს. 2026 წლის შემდეგ თქვენ ვეღარ ნახავთ პოლიტიკით დაკავებულ ოლიგარქს, ყოფილ პრეზიდენტს, ყველას გავაძევებთ. 8 ივნისს გავიღვიძებთ ისეთ სომხეთში, რომლის ისტორიაც უერთდება იმ ისტორიას, რომელიც 374 წელს მეფე პაპის მკვლელობით შეწყდა. სომხეთი და სომეხი ხალხი დაუბრუნდება თავის ისტორიას," - განაცხადა ფაშინიანმა