სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“ განაცხადა.
„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის მთავარი მიზეზი იმ მოცემულობის, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია არ აღიარებს ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ყველაფერი განვითარდა 2024 წლის არჩევნების გარშემო, როდესაც პირდაპირ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი და გამოხატა თავისი საარჩევნო პოზიცია, მოუწოდა ამომრჩევლებს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. ევროპულმა ბიუროკრატიამ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად წააგო არჩევნები და დღემდე ვერ ეგუებიან ამას. რეალურად, ყველა აღიარებს ხელისულებას, ამის დასტურია ის ოფიციალური ღონისძიებები, რომელშიც ჩვეულებრივად მონაწილეობს საქართველოს ხელისუფლება. აღიარებაში კი არ არის საქმე, ისინი დღემდე გამოხატავენ წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. ეს არის მშვიდობის კურსი, პრაგმატული კურსი. იმ პირობებში, როდესაც არ იცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ბუნებრივია, არ გვაქვს არავითარი პროგრესი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება“, - განაცხადა პრემიერმა.