ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ეთიკის კომისიის წევრები ევროკავშირის პროექტის "კანონის უზენაესობა საქართველოში" ხელმძღვანელს რენატე უინთერს შეხვდნენ. ზაზა ხატიაშვილი სტუმარს ესაუბრა საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტის დაუცველობასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო ეთიკის კომისიის საქმიანობის, ფუნქციების და მოვალეობების შესახებ, ისაუბრა ეთიკის კომისიაში განხილული საქმეების სტატისტიკური მონაცემების თაობაზე, ხარვეზებზე ეთიკის კოდექსში. შეეხო სამომავლო გეგმებს, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. კერძოდ, იგეგმება ეთიკის კოდექსში ხარვეზების აღმოფხვრა, მოეწყობა კონფერენცია ეთიკის ერთობლივი პრინციპების შემუშავების შესახებ და გაიმართება დისკუსია სადაც მონაწილეობას მიიღებს მართლმსაჯულების ყველა მონაწილე შტო.
პროექტის ხელმძღვანელმა ისაუბრა ადვოკატის როლის, ფუნქციების, კომპეტენციების, ეთიკურობის და დამოუკიდებლობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობა არის საჯაროობის გარანტი და შესაბამისად ადვოკატი უნდა იყოს დამოუკიდებელი რათა შეძლოს კანონის უზენაესობის დაცვა. ძალთა თანასწორობა არის მართლმსაჯულების უფლება. ასევე ისაუბრა ადვოკატის უფლებებზე და მოვალეობებზე კლიენტის, სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოების, კოლეგების და საზოგადოების წინაშე. Mმან ქართველ კოლეგებს რეკომენდაციები მისცა, რათა დაცული იქნას მართლმსაჯულების დემოკრატიული პრინციპები და კანონის უზენაესობა.