გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ არ იცის, შეინარჩუნებს თუ არა პოსტს უწყების რეორგანიზაციის შემდეგ.
"ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი არ იქნება მართებული. ეს არ არის მთავარი", - განუცხადა ხაჩიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი განმარტებით, სამინისტროს გაუქმება არ იგეგმება და საუბარი მხოლოდ ფუნქციების სხვა უწყებებისთვის გადანაწილებაზეა.
"სამინისტროში არსებული სტრუქტურა ძალიან დიდია. ჩვენთან ახლა 2 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. ასე რომ, შინაარსობრივადაც და შედეგის თვალსაზრისითაც ძალიან სასარგებლო იქნება ბუნებრივი რესურსების დაცვის ფუნქციების გამიჯვნა და წმინდა გარემოს დაცვითი სტრუქტურის ჩამოყალიბება", - განმარტა ხაძიჩემ.
მისი თქმით, რა ფორმით გააგრძელებს მისი უწყება მუშაობას - სამინისტროს თუ სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახით - უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებია. გარემოს დაცვის სამინისტრო იშლება. ბუნებრივი რესურსების დაცვის ფუნქციები ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. არ არის გამორიცხული, გარემოს დაცვის სამინისტრო სახელმწიფო მინისტრის აპარატად გადაკეთდეს.