სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 თებერვლიდან სურსათის მწარმოებელი საწარმოების 2011 წლის სახელმწიფო კონტროლი დაიწყო. პირველი საწარმო, რომელშიც გეგმიური ინპერქტირება განხორციელდება, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს "მითანაა". "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წლის 3 იანვრიდან ძალაში შევიდა ყველა ტიპის სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოთა სახელმწიფო კონტროლი. მიმდინარე წელს დაგეგმილია სააგენტოს უფლებამოსილი მოხელეების მიერ 200-მდე მაღალი რისკის საწარმოს ინსპექტირება.
"თუ ბიზნესოპერატორს აქვს შეუსაბამობა კანონმდებლობასთან მიმართებაში, ინსპექტორის მოვალეობაა, მიუთითოს ამ შეუსაბამობის შესახებ და ბიზნესოპერატორმა შესაბამის ვადაში მოახდინოს მისი აღმოფხვრა. როგორც სააგენტოსთვის, ისე ბიზნესოპერატორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე განთავსდეს უვნებელი სურსათი და ეს ამოცანა მიღწეულ იქნება მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის გზით", _ აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი დავით კობერიძე.