"რუსეთი სააკაშვილისთვის სასარგებლო მტრად გადაიქცა, რომელზეც მას საკუთარი ხალხის ყურადღება გადააქვს", - წერს ბრიტანული გამოცემა "Conservativehome"-ი, რომელიც საქართველოსა და პრეზიდენტ სააკაშვილზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე სტატიას აქვეყნებს.
ჟურნალისტ კარლ თომსონის შეფასებით, რუსეთის ფაქტორის გამოყენება პრეზიდენტ სააკაშვილს იმას ავიწყებს, რომ რეფორმატორის მორალური ავტორიტეტი და რეპუტაცია დაკარგული აქვს.
"სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ამ საპროტესტო მოძრაობის უკან რუსეთის სპეც-სამსახურების ზოგიერთი "მაღალჩინოსანი" დგას და ხშირად ადანაშაულებს ოპოზიციას, რომ ის მოსკოვის მხარდაჭერით მის დამხობას და ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს... რუსეთი სააკაშვილისთვის სასარგებლო მტრად გადაიქცა, რომელზეც მას საკუთარი ხალხის ყურადღება გადააქვს და ავიწყებს იმას, რომ თავად რეფორმატორის მორალური ავტორიტეტი და რეპუტაცია დაკარგა. მისი მმართველობის წინააღმდეგ 2009 წელს განახლებული საპროტესტო აქციების ჩახშობის მიზეზიც ის იყო, თითქოს დემონსტრანტები რუსეთის პროვოკატორები იყვნენ", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ პოლიცია რადიო და სატელევიზიო სადგურებში რეიდებს აწყობს და მათ იმ საბაბით ხურავს, რომ სააკაშვილის კრიტიკა სხვა არაფერია, თუ არა რუსული პროპაგანდა.
"ორი წლის წინანდელი წმენდა არმიის ოფიცერთა რიგებში იმით ახსნეს, რომ თითქოს მოსკოვისადმი ლოიალური სატანკო დანაყოფი სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით შეთქმულებას აწყობდა, მაგრამ შემდეგ მტკიცებულებების არ არსებობის გამო, ბრალდებები ჩუმად გააუქმეს", - მიიჩნევს კარლ თომსონი
მასალის გამოყენების პირობები