მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის, ვერ იქნება. არსებობს რესურსი, რომ არავის არაფერი შეარჩინო, მათ შორის, არც ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ დაუშვას კიდევ ასეთი გადაცდომა, მაგრამ ჯერ გამოძიებას უნდა ვაცადოთ და ზუსტი დასკვენები გააკეთოს, მტკიცებულებათა ერთობლიობა წარმოადგინოს სასამართლოში. ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რაც უკვე განხილულია ამაზე ზომები მიღებულია. დამტკიცებულია, რომ გარკვეული თანხები იყო უკანონოდ მითვისებული, თანამდებობასთან შეუფერებელი საქციელი იყო. ნებისმიერ ქვეყანაში რეაგირება იქნება, რათა კორუფციამ ფრთები არ გაშალოს. არანაირი შენდობა არ ექნება არცერთ ადამიანს, რაც არ უნდა უშველებელი სიკეთე გააკეთოს ქვეყნისთვის, თუ იმ წითელ ხაზს გადაცდება, რომელიც გავლებულია. კარგად მოვისმინეთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ჩანს, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ეს ეტაპი განპირობებული იყო იმით, რომ ასეთი ნიშნები შეიმჩნეოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ნიშანი არა მხოლოდ შეიმჩნევა, არამედ დადასტურდა კიდეც. რა მოხდება, რა დასკვნებს დადებს გამოძიება, ამას ყველა ერთად მივადევნებთ თვალყურს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, არასწორია იმის მტკიცება, რომ ხელისუფლების სათავეში მყოფმა ადამიანებმა კორუფციული სისტემა თავიდანვე შექმნეს.
„პირიქით, ქვეყანა თუ გადარჩა, გადარჩა სწორედ იმით, რომ სწორი მართვის სისტემა ჩამოყალიბდა, გინდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, გინდ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. შედეგი მივიღეთ – საერთაშორისო დონეზე ჩვენი შეფასება უმაღლესია, მათ შორის კორუფიცასთან ბრძოლის საკითხებთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ ეტაპზე ვიღაცამ გადაცდომა არ დაუშვა. ეს მხოლოდ საქართველოს მახასიათებელი არ არის. სამწუხაროდ, ეს დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ხდება, მაგრამ ადეკვატური რეაგირებაა საჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.