პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდა მათ სარჩელში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“.
მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შევიდა.
„გიორგი გახარიას პარტიასთან მიმართებით სამართლებრივი არგუმენტი ამ მათი ანტიკონსტიტუციურობისთვის იყო ან იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი. იმით, რომ ისინი პარლამენტში შემოვიდნენ, მათ ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი გადაირჩინეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, სად წავიდა ჩორჩანას და 20 ივნისის საკითხზე გიორგი გახარიას მისამართით ხელისუფლებაში არსებული კითხვები, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ის, რაც არის პოლიტიკური შეფასების ნაწილი, ხელისუფლება ამ შეფასებებს ყოველთვის აკეთებს.
„რაც შეეხება კონსტიტუციურ სტანდარტს პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად, ამ სტანდარტში თუკი რამე ჯდებოდა, ჩვენ ჩვენს სარჩელში ავსახეთ, თუკი რომელიმე პარტია ამ სტანდარტს აკმაყოფილებდა. ორი კრიტერიუმი იყო მთავარი იმის განსასაზღვრად, თუ რომელი პარტიის წინააღმდეგ მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოში. პირველი, რამდენად მყარი იყო სამართლებრივი არგუმენტები პარტიის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამ არგუმენტს აკმაყოფილებს 3 + რამდენიმე პარტია, რომელიც სარჩელში არ მოხვდა. მეორე კრიტერიუმიც გვქონდა, რაც საერთაშორისო სტანდარტია. საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ კონკრეტული პარტია თავისი ქმედებით თუ იდეებით იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, არამედ ერთ-ერთი პირობა არის, რომ ის რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას. ერთკაციანი მარგინალური, დე ფაქტო, თუ ქაღალდზე არსებული პარტიები ამ საფრთხეს არ ქმნიან. ამიტომ, ასე განისაზღვრა პარტიები. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მან პირველ კრიტერიუმში, რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტს, თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.