პარლამენტის პირველი-ვიცე სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, გედევან ფოფხაძის მიერ შიმშილობის გამოცხადების მიზანია ყურადღების მიპყრობა.
„მაინც ჩემი ძველი კოლეგაა და სარკაზმით არ მინდა მოვიხსენიო, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან უყურადღებოდ დარჩა, მთელ ამ არეულობაში, რომელმაც ვერ მიიღო განვითარება იმ სცენარით, რომელსაც გედევან ფოფხაძე აქტიურად უჭერდა მხარს. ის შეჭრაზე, გეგმებზე, სისხლის ღვრასა და საკუთარი სიცოცხლის შეწირვაზე ლაპარაკობდა, მაგრამ არ გამოიწვია გედი ფოფხაძის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, მოქალაქის დამატებითი ხსენებაც კი, გარდა იმისა, როდესაც ჯერ შიმშილობა გადაწყვიტა და შემდეგ შეწყვიტა. მის მიმართ გაღიზიანებული არ ვარ, უფრო მეტად მეცოდება. „ნაცმოძრაობაში“ როცა გაითქვიფები, გარკვეულწილად, ის სისხლიც გადაგედება, რომლის წინააღმდეგაც თვითონ გამოდიოდა და არაერთი განცხადებაც გაუკეთებია. ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვერავის მიეწება და ცდილობს, თავი შეგვახსენოს. არ ვიცი, მის თავში რა ხდება, რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, მაგრამ მახსოვს გედი ფოფხაძე აქტიურად გამოსული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ, ძალიან მძიმე შეფასებებით. ის გედი ფოფხაძეც მახსოვს, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქ, პარლამენტში შემოსვლას რომ გეგმავდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ გუშინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო.