"რუსეთის ხელისუფლება კვლავ არ ეშვება მცდელობას, რომ რეალობა ირიბ სარკეში წარმოაჩინოს, დამნაშავე მსხვერპლად, მიზეზი კი შედეგად აქციოს", - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია რუსი კოლეგის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებას, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილს რუსეთისადმი ცინიკური შეფასებების გამო აკრიტიკებს.
"რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის ეს განცხადება სავარაუდოდ, პრეზიდენტის მიერ მოსახლეობასთან ტელეხიდისას გაკეთებულმა იმ მოსაზრებამ გამოიწვია, რომელშიც ქვეყნის პირველმა პირმა ხატოვნათ და გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნა, რომ "სოხუმი ჩვენთვის აღთქმული მიწაა"... რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ამ ფრაზის აგრესიის შენიღბვა ფუჭი და ასე ვფიქრობ, არაგონივრული მცდელობაა", - განუცხადა ჯალაღანიამ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებებით, მოსკოვი აგრძელებს ხაზს, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უკან დაბრუნების პერსპექტივა წარმოსახვაშიც კი არ დაუშვას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მისამართით ცინიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.