დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრებმა ინგა გრიგოლიამ და ზაზა გაბუნიამ პარალმენტის წინ მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი გამართეს და კომუნალური ტარიფების ერთიანი ადმინისტრირება გააპროტესტეს.
როგორც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, "ქრისტიან-დემოკრატებმა" 13 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნითYსარჩელი შეიტანეს. პროცედურის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს, ცხრა თვის განმავლობაში საქმე სასურველ დროს განიხილოს. თუმცა "ქრისტიან-დემოკრატები" მოითხოვენ, სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე დაჩქარებულად იმსჯელოს, რადგან ცხრა თვის მანძილზე გადაწყვეტილების მოლოდინში მოსახლეობის მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს.
"ქრისტიან-დემოკრატების" მდივნის ზაზა გაბუნია თქმით, ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, სინათლის ქალაქად წოდებულ თბილისს სიბნელეში დაბრუნების საფრთხე ემუქრება, რადგან მოსახლეობისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე ტვირთი იქნება.
საკონსტიტუციო სარჩელთან ერთად "ქრისტიან-დემოკრატები" უახლოეს ხანში მოქალაქეთა ათასობით საჩივრით ენერგო-ომბუდსმენსაც მიმართავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მათ უკვე 5 ათასამდე მოქალაქის განცხადება აქვთ, რომლებსაც წყლის დავალიანების გადახდა არ შეუძლიათ.
საკრებულოს დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებით უხეშად ჩაერია ბაზარზე, რადგან წყლის მოსაკრებლის აკრეფა კერძო კომპანიის პრეროგატივაა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის მით უფრო მძიმე იქნება, როდესაც დასუფთავების მოსაკრებელი 100-%-ზე მეტით, 2.50-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატებმა პარლამენტის 2010 წლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის ძალითაც "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის" შესახებ კანონში ცვლილება შევიდა.
ცვლილების თანახმად, მოსახლეობას შუქის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების საფასურის გადახდა ერთიანი, ინტეგრიტრებული ქვითრით მოუწევს.