რუსული მხარის მოწმეების ყველა არგუმენტი, რომელიც მათ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით გააჩნდათ, გაბათილებულია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განუცხადა და აღნიშნული ქართული მხარის გამარჯვებად შეაფასა.
"ქართული დელეგაციის წევრების კომენტარებიდან გამომდინარე, რუსულ მხარეს არანაირი ხელშესახები არგუმენტი არ შერჩა, ან თუ ჰქონდა, ისიც გაბათილდა. ეს არის საქართველოს არა მარტო მორალური გამარჯვება, არამედ პრაქტიკულიც _ წინ გადადგმული ნაბიჯი და გამარჯვება", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი: პირველი ის, რომ იმ ადამიანებმა, რომელთა დეპორტაციაც რუსეთმა 2006 წელს მოახდინა, კომპენსაცია მიიღონ და მეორე _ საზოგადოებამ დაინახოს, რომ რუსეთის სახით მსოფლიოში არსებობს არაკაცთმოყვარე, ფაშისტური ელემენტებისა და ქსენოფობიით გაჯერებული სახელმწიფო.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. გასულ კვირას სასამართლომ ზეპირი მოსმენების ეტაპზე მხარეების მოწმეები დაკითხა.