ავღანეთში საქართველო დამატებითი კონტიგენტის სახით სამხედროების გარდა, სამოქალაქო პირებსაც გაგზავნის.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განუცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას, რაც ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდას შეეხებოდა.
"ჩვენ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ძალისხმევისა და ჩართულობის გააქტიურება გვსურს. ამ მიზნით საუბარია ოპერაციაში სხვადასხვა სახით მონაწილეობაზე _ არა მარტო სამხედრო კონტიგენტის გაზრდაზე, არამედ იქ სამოქალაქო პირებიც გაგზავნაზეც", - აღნიშნა ჯალაღანიამ.
მისივე განმარტებით, დამატებით რა რაოდენობის კონტიგენტი გაიგზავნება ავღანეთში, ეს შემდგომი დამუშავების საკითხია, თუმცა ცნობილია, რომ მისი მიზანი საქართველოს მიერ ავღანეთისთვის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარება იქნება.
"საქართველო მზადაა ავღანეთს გამოცდილება გაუზიაროს, როგორც პოლიციის რეფორმის, ისე ეკონომიკის სფეროში, ასევე გავაცნოთ მას ჩვენ საარტილერიო გამოცდილება. შესაძლოა თანამშრომლობა გაღრმავდეს ტრენერების გაგზავნის სახითაც", - განუცხადა ჯალაღანიამ "ჯი-იჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს როლის გაზრდის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი გუშინ, მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა.