საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორების ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების თურქეთის ნაცვლად საქართველოში განთავსებას ითვალისწინებს, ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
"ეს ახლახან გაჟღერებული ინიციატივაა და მასზე საქართველოს კონკრეტული პოზიცია ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ აქვს, თუმცა ეს რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით საინტერესო და ყურადსაღები ინიციატივაა", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, ეს ინიციატივა აშშ-ის ხელმძღვანელების მიმართაა მიმართული და შესაბამისად, უპირველესად, გადაწყვეტილების მიღებაც სწორედ შეერთებული შტატების პოლიტიკური სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 4 რესპუბლიკელი სენატორი რაკეტსაწინააღმდეგო რადარების თურქეთის ნაცვლად საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ინიციატივით გამოვიდა. მათ შესაბამისი წერილით აშშ-ის თავდაცვის მდივანს უკვე ოფიციალურადაც მიმართეს.