რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროს ბრძოლის ველზე 1.1 მილიონი სამხედრო დაკარგა. რაც როგორც დაღუპულთა, ასევე დაშავებულთა რაოდენობას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ნატო-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალიანსში განაცხადეს, რომ სექტემბერში რუსეთის მხრიდან მსხვერპლთა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა, თუმცა უფრო ნაკლებია, ვიდრე გაზაფხულზე განსაკუთრებით მასიური თავდასხმების დროს, ასევე გასულ წელთან შედარებით.
შემოდგომის დასაწყისში რუსების საშუალო დღიური დანაკარგი 950 ადამიანი იყო.
„რუსეთი კვლავ განიცდის უკიდურესად მაღალ დანაკარგებს. 2025 წელს ჩვენ ვნახეთ საშუალოდ 1 200 ყოველდღიური დანაკარგი და ახლა ჯამურად უკვე გადავაჭარბეთ 1.1 მილიონ დანაკარგს, რომელთაგან 250 000-ზე მეტი ბრძოლის ველზე დაიღუპა“, – განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.
ამასთან, წარმომადგენლის თქმით, ნატო აღიარებს უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მნიშვნელოვან დანაკარგებს, თუმცა ასევე აღნიშნავს რუსეთის წინსვლის შენელებას.
„რუსეთის სახმელეთო ძალებმა სავარაუდოდ სექტემბერში უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 250 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია აგვისტოში მათ მიერ დაკავებული დაახლოებით 465 კვადრატულ კილომეტრთან შედარებით. ფართობის ეს შემცირება, სავარაუდოდ, ფრონტის ხაზზე რამდენიმე რუსული დივიზიის მნიშვნელოვანი გადაადგილებით არის განპირობებული“, – აღნიშნა ნატო-ს ოფიციალურმა პირმა.