ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით დაიხურა ერთი საარჩევნო ციკლი, შარშან ქართულმა ხალხმა აირჩია პარლამენტი, დეკემბერში საარჩევნო კოლეგიამ აირჩია პრეზიდენტი და წელს ქართველმა ხალხმა აირჩია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობა, ამით ყველა არჩევითი კონსტიტუციური ორგანო არის დაკომპლექტებული, ერთწლიანი ციკლი არჩევნებისა ამით დასრულდა და წინ არის სამი წელი მომავალ არჩევნებამდე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა პარლამენტის სესიის დაწყებისას განაცხადა, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, ცენტრალურ თუ თვითმმართველობის დონეზე მშვიდად გააგრძელოს ქვეყნის წინსვლა იმ გაძლიერებული მანდატით, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
„ქართული ოცნების“, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მხარდაჭერა გამეორდა, როგორც ეს იყო საპარლამენტო არჩევნებში, მილიონ 120 ათასი ხმა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ შარშან, საპარლამენტო არჩევნებში და წელს, თვითმმართველობის არჩევნებში მილიონ 105 ათასი ხმა, რაც არის რეკორდული მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის, როგორც მთლიანად, საქართველოს მასშტაბით, ისე თბილისის მასშტაბით. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყველაზე დიდი მხარდაჭერა ამომრჩევლების მხრიდან ბოლო 13 წლის განმავლობაში, რაც ადასტურებს ერთი მხრივ ხელისუფლების გადაწყვეტილებების სისწორეს, რომ ხელისუფლება არჩევნებს შორის პერიოდშიც ყურს უგდებს, თუ რა არის ეროვნული ინტერესი, რა არის ხალხის ინტერესი და მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესში. ეს არჩევნებიც იყო დასტური ყველა გადაწყვეტილებების სისწორისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი აცნობიერებს პასუხისმგებლობას და მანდატს იღებს, როგორც დასტურს და დამტკიცებას აქამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილების.
„ამ ყველაფერს ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაუსვა მისი დემოკრატიული ბეჭედი და ამას უნდა გაუსწოროს თვალი ყველამ, შიგნითაც და გარეთაც, ყველამ, ვინც სცემს პატივს დემოკრატიას. დემოკრატია არ არის ადვილი, მაგრამ თვალი უნდა გაუსწორონ. შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონს რაღაც გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები და არავის აქვს უფლება, არ მოსწონდეს მთლიანად ხალხი და ვინც ასეთ პოზიციაზეა, ის ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ მას უბრალოდ ქართველი ხალხი არ მოსწონს, ამ არჩევნების შემდეგ თუკი ვინმე ეჭვის ქვეშ დააყენებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების უკან სახალხო მანდატს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.