ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ახლა ერთადერთი, რასაც ვხედავთ არის, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზას საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ ახლა კვლავაც ვიმყოფებით მასიური დემოკრატიული უკუსვლის კონტექსტში, რომელიც ვიხილეთ საქართველოში, ჩვენ შევამცირეთ მინიმუმამდე ყველა პოლიტიკური კონტაქტები. ასე რომ, ჩვენი მხარდაჭერა აქვს დამოუკიდებელ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ თქვეს და ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომაც, ეს იყო დისკუსიების საგანი. გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ახლა ერთადერთი, რასაც ვხედავთ არის, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ჰიპერმა.