„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდგომ, განცხადება გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
მისი თქმით, როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ, მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს.
„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ასეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა პარტიამ საზოგადოებას საშუალება მისცა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში. 13 წელიწადია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია , ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება, რასაც ხაზი შეგვიძლია გავუსვათ ისაა, რომ როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ, მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზი, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს“,- განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.