აქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატებზე ედიტე ესტრელამ რეზოლუციის სახელწოდებით, „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული დიალოგითა და თამამშრომლობით.
„საქართველოში არსებული ვითარება შემაშფოთებელია. რეზოლუციაში ვაჯამებთ იმ მოვლენებს, რომლებიც საქართველოში ვითარდებოდა ჩვენი უკანასკნელი დებატების შემდეგ. ღრმად ვართ დამწუხრებული, რომ არ იყო მიღწეული პროგრესი ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით. პირიქით, დემოკრატიული უკუსვლა გაიზარდა. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, რომელიც არაერთხელ გაჟღერდა, პოლიტიკური და სოციალური ვითარება საქართველოში გაუარესდა. ისე ჩანს, რომ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული დიალოგით და თამამშრომლობით. მათ უარი თქვეს თანამშრომლობაზე ვენეციის კომისიასთან და ასევე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესთან.
საქართველოს მთავრობამ დაადუმა ოპოზიციური ხმები, დააპატიმრა ჟურნალისტები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, დაბლოკა პატივცემული საარჩევნო დამკვირვებლები და ძირი გამოუთხარა სამოქალაქო საზოგადოებას შემზღუდავი კანონებით. ისეთებით, როგორიცაა უცხო ქვეყნის აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელიც ახრჩობს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყინავს რა მათ საბანკო ანგარიშებს. ამის გამო ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ შეძლო სამუშაოს გაგრძელება. ეს არ გახლავთ იმ მთავრობის ნაბიჯები, რომელიც დემოკრატიის ერთგულია, ეს არის იმ მთავრობის ნაბიჯი, რომელსაც განზრახული აქვს, დაადუმოს კრიტიკა. ათასობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს სამსახურებიდან ევროკავშირის მხარდამჭერი აქტივობების გამო, თუმცა, სავარაუდოდ ყველაზე სახიფათო არის მკაფიო განზრახვა, აკრძალონ ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკური გამოძიების ქვეტექსტით. ეს თუ მოხდება, გაანადგურებს პლურალიზმს, დაადუმებს ყველა დემოკრატიულ ალტერნატივას და საქართველოს ერთპარტიულობასთან მიაახლოებს. ეს ქმედებები შეუთავსებელია საქართველოს ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებთან, ეს ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების ღალატს, არამედ პირდაპირ გამოწვევას იმ პრინციპებისთვის, რომელზეც ეს ორგანიზაციაა დაფუძნებული.
მდგომარეობის ეს გაუარესება უნდა შეჩერდეს, სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა უნდა შემობრუნდეს, ჩვენი რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის ევროკავშირმა და სხვებმა უკვე გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაწესებული შეზღუდვების, დემოკრატიული წესების ეროზიის გამო, საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი. მათ უნდა აღადგინონ ფუნდამენტური თავისუფლებები, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა და განაახლონ კეთილსინდისიერი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან. დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ის დაფუძნებულია ჩვენი საერთო ღირებულებების პატივისცემაზე. ამ რეზოლუციის მიღებით ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ კი არ გამოვდივართ, არამედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, მხარს ვუჭერთ მათ უფლებას დემოკრატიაზე, პლურალიზმს და ევროპული მომავლის იმედს“, – განაცხადა ედიტე ესტრელამ.[პირველი არხი]