გარემოს დაცვის ინსპექციამ უკანონო თევზჭერაზე კონტროლი გაამკაცრა. ბოლო ოცი დღის განმავლობაში უკანონო თევზჭერის 19 ფაქტი იქნა გამოვლენილი.
ქვემო ქართლის ბიუროს თანამშრომლებმა მორიგი პატრულირებისას გარდაბნის რაიონში, თბილსრესის მიმდებარე არხზე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებს უკანონო თევზჭერის საშუალებები : ელექტროშოკური აპარატი, რეზინის გასაბერი ნავი, აკუმულატორი, ჩოგანბადე და უკანონოდ მოპოვებული 24 კგ ხრამულის ჯიშის თევზი ჩამოერთვათ.
გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1440 ლარი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცემა.