საქართველოში მხოლოდ ქართველი ერის უფლებები ილახება და ისიც რუსი ოკუპანტების მიერ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა გაეროს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციის შეფასებისას განუცხადა.
"საქართველოში თუ ვინმეს უფლება ირღვევა, ეს არის ქართველი ერის, ეთნიკური ქართველების უფლებები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით იდევნებიან. მათ მიმართ ეთნიკური წმენდა ხორცილდება როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ისე ახალგორსა და გალის რაიონში", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ეთნიკური უმცირესობის დაცვაზე საუბარი უაზრობაა და საქმეში ნაკლებად ჩაუხედავი ადამიანის მოსაზრებაა.
"საქართველოში არასდროს ეთნიკური უმცირესობების უფლებები არ ირღვეოდა და თუ პრობლემები იქმნებოდა ეთნიკურ ნიადაგზე, ეს იყო კრემლის მიერ ინსპირირებული დაპირისპირება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დეპუტატმა და აღნიშნა, რომ აფხაზებთან და ოსებთან ქართულ მხარეს დღეს დიდი პრობლემები მართლაც აქვს, თუმცა არა მათი დაჩაგვრის ან იზოლაციის კუთხით.
ცაგარეიშვილის თქმით, გაეროს მიერ აღნიშნული რეკომენდაციის მიცემა ქართული მხარისთვის რუსეთის ზეწოლით მოხდა, რადგან კრემლი ლობირებს მისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხს, რომელსაც ქართული დიპლომატიური კორპუსი და სამთავრობო არხები ვერაფრით ზღუდავენ.
"ეს არის ჩვენი მინუსი საგარეო საქმიანობასა და კონტაქტებში. რუსეთი მძლავრი მოთამაშეა, მაგრამ არა ისეთი, რომ ხელები ჩამოვუშვათ და ვუყუროთ, როგორ ლახავენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ გაერომ საქართველოს ადამიანის უფლების დაცვის კუთხით 163 რეკომენდაცია მისცა. აქედან ქართულმა მხარემ 5 რეკომენდაციის შესრულებაზე უარი თქვა, მათ შორის ერთი ეხება საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისგან მტრის ხატის შექმნას. ქართული მხარის შეფასებით, აღნიშნულ რეკომენდაციას საქართველო ვერ შეასრულებს, რადგანაც საქართველოში ეთნიკური უმცირესობისგან მტრის ხატი არასდროს შექმნილა.