საცოდაობაა, რომ გედევან ფოფხაძე ამ დონეზე დაეცა, ოპონენტების მიმართ გაკეთებული მისი განცხადების მოსმენის შემდეგ, შეიძლება ახალგაზრდებმა ჩათვალონ, რომ ასეთი ფორმა მისაღებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილი გამოეხმაურა კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, ივანიშვილს ბენზინს თუ გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება“.
„სამწუხაროდ, ფოფხაძის განცხადება მოვისმინე და აღშფოთების გამოხატვაც არ შემიძლია, რადგან დეგრადირების ასეთ დონეზე მყოფი ადამიანის მიმართ საცოდაობის მეტი არაფერი შემიძლია, გამოვხატო. ასეთი ადამიანები საცოდავები არიან. როგორ შეიძლება, ასეთი განწყობა გქონდეს? რომ დამესიზმროს, ჩემს ოპონენტს ბენზინი მივასხი და ცეცხლი წავუკიდე, ალბათ, რასაც გავაკეთებ, მოძღვართან მივალ და ვეტყვი, რომ ეს დამესიზმრა, არა თუ ხმამაღლა წარმოვთქვა. ყველამ კარგად დაინახა, რა დონის დეგრადირებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე. საცოდაობაა ის, რომ ამ დონეზე დაეცა, თორემ, რა თქმა უნდა, ძალიან საშიში მოვლენაა. ამას უამრავი ახალგაზრდა ისმენს და, როდესაც მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე ღიად ლაპარაკობს, რომ ასეთი ფორმა ოპონენტებისადმი მისაღებია, შეიძლება, მათ ჩათვალონ, რომ ეს ძალიან მისაღები ფორმაა და გააკეთონ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.