საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზურგის არეში ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა 1966 წელს დაბადებულ თ.ა.-ს.
სამართალდამცველებმა ბ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.