აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეციტრუსე ფერმერებს რეკომენდაციებს აძლევს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კახაბერში მეციტრუსე ფერმერ რევაზ გოგუაძესთან იმყოფებოდნენ, რომელსაც ციტრუსოვანთა ნარგავების თოვლისა და ყინვისგან დაცვის ღონისძიებების გატარების შესახებ რეკომენდაციები მისცეს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თებერვალი აჭარის სუბტროპიკულ ზონაში უხვთოვლიანობით აღინიშნა, რამაც ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა გამოიწვია.
შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვალს, ღამით, ტემპერატურა ბარში -2,-3 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო მთაში -5,-10 გრადუსამდე დაიწევს, თოვლის სახით ნალექი კვლავ მოსალოდნელია 3 თებერვალს, რომელიც დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.
ასეთ პირობებში მოსალოდნელია თოვლის სიმძიმის მიერ ციტრუსოვნების როგორც მექანიკური დაზიანება, ასევე ტემპერატურის -4,-5 გრადუსამდე დაცემისას, განსაკუთრებით ღამით, მოწმენდილი ცის პირობებში მცენარის ფოთლებისა და ყლორტების აწვა-არუჯვა (წაყინვა).
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეციტრუსეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ თოვლის დღეღამურ ინტენსივობას. თოვლის საფარის 10 სმ-მდე მატების შემთხვევაში აუცილებელია დღისით ციტრუსის ზრდასრული ნარგავების თოვლისგან გათავისუფლება და ახალგაზრდა მცენარეების ჭიგოზე აკვრა, ხოლო ღამის საათებში წაყინვის ასაცილებლად უმჯობესია ბაღის დატოვება თოვლის მცირე საფარ ქვეშ.
ამავდროულად, ცალკეული ნაკვეთებისადმი საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, თოვლისა და ყინვისაგან ციტრუსის პლანტაციის დაცვის მიზნით გათბობის სხვადასხვა საშუალების (ჩალის, ნამჯის ანარჩენების, ამორტიზირებული საბურავების) გამოყენება - დაწვა და კვამლის დაბოლება გაბატონებული ქარების მხრიდან, ახალგაზრდა ნარგავების შეფუთვა და სხვა.