მეთიუ ბრაიზამ, როდესაც სიტყვა „მარიონეტს“ ახსენებს, სარკეში ჩაიხედოს და პირი გამოირეცხოს, როდესაც საქართველოზე განცხადებას გააკეთებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას, რომელიც მან Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. გორდულაძის თქმით, მისი განცხადებები „ქართულ ოცნებაზე“ კატეგორიულად მიუღებელია“.
„ბატონ მეთიუ ბრაიზამ, როდესაც სიტყვა „მარიონეტს“ ახსენებს, სარკეში ჩაიხედოს და პირი გამოირეცხოს, როდესაც საქართველოზე განცხადებას გააკეთებს. ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი საქმიანობით და თავისი განცხადებებით ხელს უწყობდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის დროს, ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო. მათ შორის, ეს არის ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია იყო აყვავებული და მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო. ეს ადამიანი აკეთებს ახლა „ქართულ ოცნებაზე“ და მის ჯარისკაცებზე განცხადებებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთი მაგალითია, რომ „დიფ სტეიტს“ ყველა თავისი აგენტი ჰყავს ჩართული, რომ საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლოს, გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომლებიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ბატონ მეთიუ ბრაიზას მოვუწოდებ, რომ როდესაც სიტყვა „მარიონეტს“ იტყვის, სარკეში ჩაიხედოს და პირველ რიგში, თვითონ დაინახავს მარიონეტს“,- განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა: "როდესაც საქართველოს ლიდერები სასაცილო რაღაცებს ამბობენ, როგორიცაა „ამერიკელები და ევროპელები ცდილობენ ახალი ფრონტის გახსნას და საქართველოს ომში ჩათრევას“, ეს იმდენად აშკარა ტყუილია და ანტიდასავლური პროპაგანდის ელემენტია, აჩვენებს, რომ მთავრობა მოსკოვის მარიონეტია. არავის სურს ასეთ მთავრობასთან ურთიერთობა".