ნებისმიერი ძალა და ხელისუფლება, რომელიც არ იქნება „დიფ სთეითზე“ დომოკიდებული და არ შეასრულებს მათ დავალებებს, მათთვის მიუღებელია. ეს არის ძალიან ძლიერი და დაუნდობელი ძალა, რომლის დამარცხება ერთი ხელის მოსმით აშშ-შიც კი გაძნელდა, ამიტომ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს ბრძოლა მოიგოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენთან მიმართებით დავალება აქვთ მიღებული – რევოლუციების მომზადება, არეულობის შეტანა და პოლიციასთან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით დაპირისპირება, შემდგომ რომ გაამართლონ იმით, რომ თითქოს საქართველოს რუსული გავლენისგან იცავენ.
მისივე თქმით, ყველგან ერთნაირი ნარატივია.
„იარლიყს მიაკერებენ – ის პრორუსია ან რუსული გავლენის ქვეშ იმყოფება და შემდეგ ტყვიას ესვრიან საარჩევნო კამპანიის დროს. ათასნაირ ზეწოლას მოახდენენ ამა თუ იმ ქვეყანაზე. საქართველოში „დიფ სთეითის“ აგენტურაც ზუსტად ასე მოქმედებს. ყველაფერს რუსულს არქმევენ, რუსული, რუსული, რუსული. ერთი ახალგაზრდა კაცი იყო დაკავებული და იმან თქვა, რომ რუსული კონსერვი მაჭამეს საპატიმრო დაწესებულებაში, კარები რუსულად დახურეს, ქართულ ენაზე, მაგრამ რუსულად დაიყვირესო, უკვე სასაცილო დონემდე მივიდნენ. დავალება მიღებული აქვთ, რომ ეს იარლიყები დაკიდონ, რომ შემდეგ ყველა ის უმსგავსობა, რაც საქართველოში ხდება – რევოლუციების მომზადება, არეულობის შეტანა და პოლიციასთან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით დაპირისპირება – გაამართლონ იმით, რომ თითქოს საქართველოს რუსული გავლენისგან იცავენ. სინამდვილეში ეს „დიფ სთეითის“ ნარატივია“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.