გახარია-ხაზარაძის თანამშრომლობის პაქტი რეალურად არის პაქტი ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის, გახარია ბუნებრივ წიაღს უბრუნდება, ხოლო „ლელოს“ შემთხვევაში იმედგაცრუება გამოიწვია, მათ შორის, იმ მხარდამჭერებში, რომლებმაც ხმა მისცეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, მხარდამჭერების იმედგაცრუება აისახება იმ შედეგში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაწერს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციისას, თუ ეს სპეცოპერაცია საერთოდ შედგა.
„საზოგადოებისთვის როგორც კი გახდა ცნობილი ამ პოლიტიკური ქორწინების შესახებ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა შეფასება, რომ რეალურად ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გახარია-ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რაც გახარიას ნაწილში სრულიად მოსალოდნელია იმიტომ, რომ ის ბუნებრივ წიაღს უბრუნდება. „ლელოს“ შემთხვევაში კი ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ამ პოლიტიკურ ძალას გამოუცხადა ნდობა, ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო. დარწმუნებული ვარ, ეს იმედგაცრუება ასევე აისახება იმ შედეგში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაწერს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციისას, თუ ეს სპეცოპერაცია საერთოდ შედგა და მანამდე ივანიშვილის რეჟიმმა არ გააცნობიერა, რომ ამ ფარსის ნაცვლად უნდა გაიაზროს ის მოთხოვნები, რომელთა წინაშე დგას ქართველი ხალხისგან და ევროკავშირის მხრიდან. 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის ჩატარების ნაცვლად, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, გაუქმდეს რუსული კანონები და ქვეყანაში შეიქმნას საარჩევნო გარემო, სადაც შესაძლებელია ახალი, თავისუფალი და სამართლიანო არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.