„ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებში პირველი საჰაერო თავდასხმის სირენები გუშინ მედიაში პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ განხილვების დაწყებასთან ერთად თითქმის ერთდროულად ჩაირთო. რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არ აპირებს ომისა და ტერორის დასრულებას“, - ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს.
მისი თქმით, კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი დღეს, დაახლოებით დილის 9 საათზე დასრულდა: „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა, დემონსტრაციულად მნიშვნელოვანი და ცინიკური დარტყმა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთის იერიშის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერის შენარჩუნება ბალისტიკურ თავდაცვაში: „პატრიოტები“ და რაკეტები მათთვის სიცოცხლის ნამდვილი დამცველები არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, კიევის გარდა, რუსეთის ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ასევე დაზარალდნენ დნიპროს, სუმის, ხარკივის, ჩერნიჰივისა და კიევის ოლქები.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 23 ადამიანი.