გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერების სურვილის არქონის გამო მწვავედ გააკრიტიკა.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ფედერალური მთავრობის კურსს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობას
„კრემლში მყოფ ამ იმპერიალისტს [პუტინს] არ სურს მოლაპარაკებები, მას არ სურს მშვიდობა“, - თქვა პისტორიუსმა და დასძინა, რომ მშვიდობა მოითხოვს „ორივე მხარის მუდმივ მზადყოფნას“.
ამასთან, მან გაიხსენა პუტინის აგრესიული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, ყირიმის ანექსია და საბოლოოდ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა „ყველაზე სასტიკი“ ომით.
ასევე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მთლიანად სამხედრო ეკონომიკაზე გადავიდა და „მომავალ წელს რუსეთის არმია ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო“.
პისტორიუსის თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გერმანიისა და ნატო-სთვის თავდაცვაში ინვესტიციების ჩადება, რადგან პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის.