გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება, სადაც ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ მოცვის ბაღს, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს დაათვალიერებს.
დავით სონღულაშვილი შეხვედრას გამართავს ფერმერებთან და მეწარმეებთან.
მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები: სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში, რომელიც იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს; ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, სადაც განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეულ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათისა და სასმელი წყლის საერთაშორისო დონის კვლევები ტარდება.
მინისტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსაც ესტუმრება და თანამშრომლებს შეხვდება; დაათვალიერებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისს, რომელშიც განთავსებულია მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები – ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, გეოლოგიური განყოფილება და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი.
დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ყოფნის დროს, პრომეთეს მღვიმესაც დაათვალიერებს, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.