სტამბოლის შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ რუსეთი „სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად, მომაკვდინებელ დრონებსა და რაკეტებს აგზავნის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„კიდევ ერთი ხმაურიანი ღამე კიევსა და სხვა ოლქებში. საჰაერო თავდაცვა რუსული საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად განუწყვეტლივ მუშაობს. სტამბოლის შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუგზავნია თავისი „სამშვიდობო მემორანდუმი“. ნაცვლად ამისა, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასიკვდილო დრონებსა და რაკეტებს გზავნის. ეს არის რუსეთის პასუხი საერთაშორისო სამშვიდობო მცდელობებზე და ნათელი დასტურია იმისა, რომ სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად მოსკოვზე სანქციების გზით ზეწოლა უნდა გაიზარდოს“, - წერს ანდრიი სიბიჰა X-ზე.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსებმა კიევზე კომბინირებული შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით განახორციელეს, რამაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 15 ადამიანი.